დომენური სახელის რეგისტრაციის წესები და პირობები
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს “ჯეონეთის” (შემდგომში მოხსენიებული როგორც "MyHost") დომენური სახელის რეგისტრაციის მომსახურებით სარგელობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი დომენური სახელის რეგისტრაციის წესები და პირობები. MyHost უფლებას იტოვებს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
დომენური სახელის რეგისტრაციის წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ასევე ეთანხმება MyHost-ის უსაფრთხოების ნორმებს.
ანგარიშის გახსნა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მომსახურების ღირებულების გადახდა და შეკვეთა შემოწმებული იქნება სისწორეზე MyHost-ის და/ან მისი საგადასახადო პარტნიორების მიერ.
მომხმარებლის მიერ MyHost-ის საშუალებით ნებისმიერი დომენური სახელის რეგისტრაცია და განახლება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციის ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფა (მათ შორის, მოქმედი ელ-ფოსტის მისამართის, რომლის დაბოლოებაც არ უნდა ემთხვეოდეს სასურველი დომენის დასახელებას);
2. მოწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, სრულფასოვანი და მოქმედი, ხოლო მომხმარებლის მიერ მისი განახლება უნდა მოხდეს რეგულარულად, რათა ინფორმაცია მუდმივად შეესაბამებოდეს მიმდინარე მდგომარეობას. ყალბი საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება აკრძალულია და შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება.
3. დომენური სახელი არ უნდა არღვევდეს რაიმე სახის კანონს, საკანონმდებლო აქტს ან რეგულაციას, მათ შორის „ICANN“-ის (www.icann.org) მიერ შემუშავებულ, დანერგილ ან გარკვეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ნებისმიერი სახის წესებს, პირობებსა და შეთანხმებებს.
დომენური სახელის რეგისტრაცია ხდება სამუშაო დღეებში თანხის გადახდიდან 48 საათის განმავლობაში. დომენური სახელები რეგისტრირდება განსაზღვრული ვადით. მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი დომენური სახელის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რათა დროულად განაახლოს იგი. დომენური სახელის განახლება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ განახლებისათვის საჭირო ყველა სახის თანხა გადახდილი იქნება აღნიშნულ ვადაში.
თუ მომხმარებელი ვერ მოახერხებს განახლებას დომენური სახელის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოხდება დომენურის სახელის რეგისტრაციის გაუქმება და მასზე მომხმარებლის ყოველგვარი უფლებისა და საკუთრების შეწყვეტა. დომენური სახელის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი გახდება მესამე პირისათვის.
MyHost არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახით დომენური სახელის რეგისტრაციის დაგვიანების, არახელმისაწვდომობის ან გაუქმების შემთხვევებზე და მათ შედეგებზე.
მომხმარებელი თანახმაა, რომ წინასწარ გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების საფასური სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციის ან განახლების გააქტიურებამდე. MyHost-ის მიერ არ ხდება წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნება ან რაიმე სახით ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებლის დომენური სახელის რეგისტრაცია/განახლება რაიმე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო შეჩერდება. MyHost-ის მიერ არ ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოხდება გაუქმება ან დომენური სახელის გადატანა სხვა რეგისტრატორთან დომენური სახელის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
MyHost იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურებისათვის დადგენილი ფასები ნებისმიერ დროს, თუმცა ცვლილებები არ შეეხება უკვე შეძენილი მომსახურების სატარიფო გეგმას, დომენური სახელის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. დომენური სახელის მოქმედების ვადის დასრულებისთანავე, მომხმარებელი ავტომატურად გადადის ახალ სატარიფო გეგმაზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის სურვილით მოხდება ანგარიშის გაუქმება.
მომხმარებელი ეთანხმება, რომ MyHost-მა შესაძლოა დროდადრო გარკვეული ცვლილებები შეიტანოს დომენური სახელის რეგისტრაციის წინამდებარე წესებსა და პირობებში. ყველა ცვლილება გამოქვეყნდება MyHost-ის საიტზე. ცვლილებების შემდგომ, მომხმარებლის მიერ დომენური სახელის რეგისტრაციის მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ავტომატურად დაადასტურებს შეტანილი ცვლილებების მიმართ მომხმარებლის თანხმობას. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება რომელიმე ცვლილებას, მას შეუძლია მოითხოვოს დომენური სახელის რეგისტრაციის გაუქმება ან მისი გადატანა სხვა რეგისტრატორთან.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული შეკვეთა, არ არის MyHost-ის მხრიდან დომენური სახელის რეგისტრაციისა და მომხმარებლის მფლობელობაში მისი გადაცემის გარანტია, მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაშიც კი.
მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ არც დომენური სახელის რეგისტრაცია, არც მისი ნებისმიერი სახით გამოყენების მიზნით ვინმესთვის გადაცემა არ არღვევს მესამე პირის სამართლებრივ უფლებებს და არ გამოიყენება რაიმე სახის არაკანონიერი ქმედებისათვის.
MyHost-ის მომსახურების გარანტიები და პასუხისმგებლობის ფარგლები სრულადაა ჩამოყალიბებული დომენური სახელის რეგისტრაციის წინამდებარე წესებსა და პირობებში. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს დაიცვას და აარიდოს MyHost ნებისმიერი სახის მოთხოვნისაგან, პასუხისმგებლობისაგან, დანაკარგებისაგან, სასამართლო ხარჯებისა და პრეტენზიებისაგან, რომელიც წარმოიშვება მისი სერვისების გამოყენების შედეგად წარმოშობილი რაიმე სამართლებრივი დავის შემთხვევაში.
MyHost იტოვებს უფლებას მომხმარებლის დომენური სახელის რეგისტრაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია გადასცეს შემდეგ პირებს: ICANN-ს ან ICANN-ის მიერ ავტორიზირებულ ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს ან სხვა პირებს, ICANN-ის ან სხვა შესაბამისი კანონის წინაშე ვალდებულებიდან გამომდინარე, მათ შორის WHOIS მონაცემთა ბაზებს.
გარდა ამისა, MyHost-ს შეუძლია გახსნას ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაცია კანონიერი უფლების მქონე სტრუქტურების მოთხოვნით, მომხმარებლის ნებართვისა თუ მისთვის შეტყობინების გარეშე.
MyHost-ის სერვისის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება არბიტრაჟის არჩევის შეზღუდვას. თუ MyHost–ის წინააღმდეგ წარმოიშვება რაიმე სახის დავა ან მოთხოვნა, ეს საკითხი არბიტრაჟისათვის გადაეცემა MyHost–ის მიერ შერჩეულ არბიტრს. ამ არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ და ყველა ხარჯზე, რომელიც ამ არბიტრაჟთან მიმართებაში წარმოიშვება.

